ჟურნალი The Economist აქვეყნებს მაია ცქიტიშვილის სტატიას სათაურით „სქართველოს მთავრობის ამოცანა რეგიონების თანაბარი განვითარება და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაა“
ძებნაჟურნალი The Economist აქვეყნებს მაია ცქიტიშვილის სტატიას სათაურით „სქართველოს მთავრობის ამოცანა რეგიონების თანაბარი განვითარება და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაა“
8 აპრილი 2019ანგარიშვალდებულების კუთხით საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ. იანვარში 2018 წლის მიღწევები და წლევანდელი გეგმები წარვუდგინეთ დაინტერესებულ მხარეებს, სულ რაღაც ორი კვირის წინ კი საქართველოს პარლამენტმა მოგვისმინა ახალი კონსტიტუციით დადგენილი „მინისტრის საათის“ ფორმატში.
ჩვენი სამინისტროს სახელწოდება საქმიანობის მთავარ პრიორიტეტებს უკვე განსაზღვრავს. ეს არის ჩვენი რეგიონების და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება.
ხშირად აღვნიშნავთ, რომ სქართველოს სიძლიერე მისი რეგიონების სიძლიერეშია და მთავრობის ამოცანა რეგიონების თანაბარი განვითარება და ახალი შესაძლებლობების შექმნაა. ყველა ის პროექტი, დიდი თუ მცირე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება სწორედ რეგიონებში ახალი სიცოცხლის, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას ემსახურება. მხოლოდ ასე მივაღწევთ ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობას ანუ სარგებლის თითოეულ მოქალაქეზე განაწილებას ყველაზე მცირე დასახლებაშიც კი. ინფრასტრუქტურის გარდა, რეგიონის განვითარებისათვის აუცილებელია ძლიერი თვითმმართველობა. სწორედ ამისათვის ვდგავთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს რეგიონების ფინანსური და ადამიანური რესურსების გასაზრდელად.
ბუნებრივია, რეგიონის განვითარება უნდა მოხდეს ერთიანი ხედვით, ყველა სამთავრობო უწყების ჩართულობით. ამგვარად ინფრასტრუტურა და რეგიონის შესაძლებლობები ვითარდება არა ფრაგმენტულად, არამედ თანმიმდევრულად, რეგიონის პოტენციალის სრულად ათვისების მიზნით.
რეგიონების განვითარების დაგეგმვისას ვცდილობთ თითოეული რეგიონის განსაკუთრებული პოტენციალის მქონე ძველი კურორტების გაცოცხლებას, ახალის გაჩენას და არსებულის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ასე მაგალითად, შემუშავდა და უკვე ხორციელდება აბასთუმნის სრული განახლების პროექტი. ვამუშავებთ აბასთუმნის განვითარების გენერალურ გეგმას, დავიწყეთ ისტორიული სახლების ფასადების რეაბილიტაცია, ვგეგმავთ ობსერვატორიის ახალ ტურისტულ ობიექტად გადაქცევას, ტელესკოპის და საბაგიროს აღდგენას, საინჟინრო ქსელის სრულ განახლებას. ამით ვქმნით, როგორც მოსახლეობისთის მცირე ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას, ისე მსხვილი ბიზნეს ინვესტიციების გაჩენის წინაპირობას.
ასეთივე პრინციპით ვუდგებით სხვა რეგიონებსა და დასახლებებს. მაგალითად 2018 წლის ბოლოს დასრულებული კობი-გუდაურის 7 კილომეტრიანი საბაგირო თავისთავად განსაკუთრებული პროექტია, მაგრამ მისი აშენების საჭიროება კურორტ გუდაურის და მთლიანად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის და სივრცითი განვითარების გეგმამ გააჩინა. საბაგიროს პროექტით პრაქტიკულად დაცლილი კობი ახალ მიზიდულობის ცენტრად იქცევა. განვითარდება თრუსოს ხეობის ტურისტული ინფრასტრუქტურაც და თავად კურორტი გუდაური. მთლიანობაში ეს ახალი არეალი ახალ ტურისტულ დატვირთვას შეიძენს, ახალ ინვესტიციებს მოიზიდავს.
მცხეთა-მთიანეთში კიდევ ერთ, საერთაშორისო თუ შიდა ტურიზმისთვის საინტერესო სივრცეს ვქმნით დუშეთის სახით. დღეს ქალაქში რამდენიმე ათეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ისტორიული შენობის რეაბილიტაციას ვიწყებთ. ვცდილობთ ბიზნესის დაინტერესებას აქვე აღმოჩენილი შატოს ტიპის ჭილაშვილების სასახლის აღსადგენად და ინფრასტრუქტურის განვითარების გზით ვაჩენთ ახალ შესაძლებლობებს, პირველ ყოვლისა, ადგილობრივი მოსახლეობისათვის.
ასეთი ხედვა გვაქვს პრაქტიკულად ქვეყნის ყველა რეგიონის განვითარებისთვის. იმერეთში ქუთაისის დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების რეაბილიტაციაც ქალაქისთვის სრულიად ახალ მიზიდულობის ცენტრებს აჩენს, რაც ბუნებრივად უნდა გახდეს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბიძგის მიმცემი. ვანის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც მსოფლიო დონის იქნება და მას თავისი მნახველი აუცილებლად ეყოლება. ქვემო ქართლში ვასრულებთ ასურეთის გერმანული დასახლების რეაბილიტაციას; რაჭაში ვგეგმავთ ონის მდიდარი კოლექციის მქონე მუზეუმისთვის ახალი შენობის აშენებას; სამეგრელო ზემო სვანეთში - მესტიის ლაღამის უბნისა და უშგულის კოშკების რეაბილიტაციას, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სრულ რეაბილიტაციას და ნიკოსეული სასახლის აღდგენას; გურიაში ბახმაროს განვითარებას და სხვა.
ქვეყნის პოტენციალის მაქსიმალური ათვისების პარალელურად, სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბევრ დასახლებაში საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობით ვართ დაკავებული. არის სოფლები, სადაც შიდა გზები და წყალი არასდროს ყოფილა. ჩვენი მიზანია რეგიონის მოსახლეობას შევუქმნათ თანამედროვე საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურა, რათა ქვეყანაში თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს ეკონომიკური სარგებლის მიღება.
თითოეული რეგიონის განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის პოტენციალის, მისი გეოსტრატეგიული მდგომარეობის სრულად და სწორად გამოყენება იმისათვის, რომ გავხდეთ რეგიონის საგარეო ვაჭრობის ნაწილი.
საქართველო რეგიონის სატრანსპორტო და ეკონომიკური დერეფანია. საქართველოზე გადის ორი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო მაგისტრალი - ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შიდა გზა. ეს არის გზა, რომელიც ყველაზე მოკლე მარშრუტით ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორებთან - ევროპასთან და ჩინეთთან საქართველოს გარდა, რეგიონის ქვეყნებსაც აკავშირებს. ამ გზების განვითარება გვაძლევს საშუალებას ჩვენი გეოგრაფიული და ისტორიული კავშირები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისთვის გამოვიყენოთ. ანაკლიის პორტით კი ვიჩენთ ახალი ტვირთბრუნვების შესაძლებლობას უკვე ახალ საერთაშორისო დერეფნებში. და მაინც, პირველ ყოვლისა, ეს გზები ჩვენი ქვეყნის რეგიონებს აკავშირებს ერთმანეთთან და სწორედ მათთვის აჩენს ახალ შესაძლებლობებს, დამატებით პერსპექტივებს. საქართველოს რეგიონებს უჩნდებათ შანსი მოახდინონ ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკაში.
ამდენად, გზების, პორტების და სხვა ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება მიმართულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დამატებითი ეკონომიკური აქტივობის, საწარმოების გაჩენისა და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობასაკენ.